ვილი სანიოლი - ჯგუფის მოგება შეგვიძლია თუ ისევე დისციპლინირებულად ვითამაშებთ, როგორც ბოლო მატჩებში #1TVSPORT
უეფა-ს შტაბბინაში გამართულ წილისყრასა და ერთა ლიგის გათამაშების კალენდარზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
„საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შანსებზეც ილაპარაკა:
„მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება“, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.