ვილი სანიოლი - ჯერ ფიზიკურად მზად არ ვართ, მაგრამ ევრო 2024-ზე პირველ მატჩამდე დრო გვაქვს #1TVSPORT
ვილი სანიოლმა შეაფასა მონტენეგროს ნაკრებთან პოდგორიცაში მოგებული (3:1) ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს უამრავი საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ მხოლოდ სამით ისარგებლა.
ამის მიუხედავად, „ჯვაროსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილა გუნდის ნაკლზე – სანიოლი ევროპის ჩემპიონატამდე მოთამაშეთა ფიზიკური მომზადებით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.
„ყოველთვის სასიამოვნოა მოგება. ეს გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩასატარებელ მატჩებამდე თავდაჯერების თვალსაზრისით მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება, მაგრამ ამავე დროს დღეს დავინახეთ, რომ ჩემპიონატისთვის ფიზიკურად ჯერ კიდევ არ ვართ მზად. ამის გამო მეორე ტაიმი რთული გამოდგა. თუმცა ევრო 2024-ზე თურქეთთან პირველ მატჩამდე ცხრა დღე დარჩა. ამიტომ კიდევ არის დრო, რომ გერმანიაში გასამართი მატჩებისთვის უკეთ მოვემზადოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთადერთი მატჩი ჩაატარა. ახლა ჩვენი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას პატარა ქალაქ ფელბერტში დაასრულებს.