ვილი სანიოლი - იმედია, დასახულ მიზანს შევასრულებთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდებით #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები სკოპიეშია და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მესამე ტურის ხვალინდელი თამაშისთვის ემზადება – „ჯვაოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდის ვიცე-კაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედარსა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ჩვენი გუნდების წინა ისტორიასა და რევანშზე კითხვა ნიკასთვის (კვეკვესკირისთვის) არის, მე არ ვყოფილვარ გუნდში და ჩემთვის რევანშის საკითხი არ არის. ეს იგივე შეჯიბრია, თუმცა სხვა კონტექსტი. ჩვენთვის მთავარი ის კი არაა, თუ რა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მთავარია, რა მოხდა გასულ კვირაში და მოხდება ხვალ.
იმედია, დასახულ მიზანს შევასრულებთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდებით. რაც შეეხება ცვლილებებს და შევცვლი თუ არა ლორიას და როგორ გრძნობს თავს კაშია? ყველა მოთამაშე, 29-ვე მათგანი კარგ ფორმაშია და მზადაა ხვალ ითამაშოს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – ამბობს სანიოლი.
მან ჩრდილომაკედონიელი ჟურნალისტის კითხვასაც უპასუხა – „რომელი გუნდია პირველი ორი ტურის შემდეგ ფავორიტი და რას ფიქრობთ ჩრდილოეთ მაკედონიაზე, რომელმაც ახლო წარსულში იტალია და გერმანია დაამარცხა?“
„სეზონის დაწყებამდეც ვთქვი და ახლაც ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფის ფავორიტია. ისინი თამაშობდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოუგეს იტალიას საკვალიფიკაციო ეტაპზე, შემდეგ დაამარცხეს გერმანია – ესაა ჩემი მარტივი ლოგიკა, რომლიდან გამომდინარეც ამას ვამბობ. საბედნიეროდ, ფეხბურთი არაა მხოლოდ საუბარი, ბევრად დიდი მნიშვნელობა ქმედებებს აქვს და იმედია, ჩემი ფეხბურთელები დამიმტკიცებენ, რომ ვცდები და მათ ნაცვლად ჩვენ დავიკავებთ პირველ ადგილს ხვალინდელი და მომდევნო თამაშის გათვალისწინებით, რომელიც თბილისში სექტემბერში გაიმართება“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი.