ვილი სანიოლი - გამარჯვებამ გაგვახარა, მაგრამ არა - თამაშის ხარისხმა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრმა მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებამ გაგვახარა, მაგრამ არა – თამაშის ხარისხმა. გავაანალიზებთ თამაშს და ვნახავთ დადებით და უარყოფით მომენტებს. ეს საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

შეცვლის დროს იმედი გაქვს, რომ ეს თამაშის მსვლელობაზე დადებითად იმოქმედებს. კარგია, რომ დღეს მოედანზე შესული ფეხბურთელები თამაშში კარგად ჩაერთვნენ, რაც შედეგზეც აისახა, ამასთანავე ისიც აჩვენეს, რომ გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, რაც არანაკლებ სასიხარულოა.

ცვლილებებზე მე-60 წუთიდან ვფიქრობდით, მაგრამ პოზიტიური მომენტები დავინახეთ და გადავწყვიტეთ, მოედანზე მყოფი მოთამაშეებისთვის დრო კიდევ მიგვეცა. საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებების ​მიღება მნიშვნელოვანია და კარგია, რომ დღეს ეს მოვახერხეთ.

შოტლანდია უდანაკარგოდ ლიდერობს, ვულოცავ მათ ნორვეგიასთან სტუმრად გამარჯვებას, ასეთ მოგებას ბევრი ვერ ახერხებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა და ესპანეთსაც უსწრებს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ივნისს გლაზგოში ჯგუფის ლიდერთან, შოტლანდიასთან გამართავს.