ვილი სანიოლი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ბევრ ქართველ ფეხბურთელზე დადებითად იმოქმედებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე გუნდის ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი After Football-ს ესტუმრა, სადაც ორ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
„ზურიკო დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, სტადიონზეც ვიყავი, სადაც მისი ლამაზი გოლი და პასი ვნახე. ვფიქრობ, ის შესანიშნავი მოთამაშეა. საქართველოში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათ კომპლექსებისგან გაათავისუფლებს. ისინი აღარ ითვლებიან იმ ქვეყნის ნაკრების წევრებად, რომელსაც დიდ ტურნირზე არასოდეს უთამაშია და ყოველთვის აგებდა. ვფიქრობ, ეს ბევრზე დადებითად იმოქმედებს.
რაც შეეხება დავითაშვილის პროგრესს და შედეგიანობის ზრდას, ეს გულშემატკივარმა ბოლო საკლუბო მატჩებში იგრძნო. როცა „ბორდოს“ შეხვედრებს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ ეჯახებოდა „კედელს“. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კი უფრო მომწიფდა და, შესაბამისად, უფრო ეფექტურიც გახდა. გუნდმა თავი გასავარდნთა ზონას თავი დააღწია, რაც დავითაშვილის დამსახურებაცაა.
მიქაუტაძე? ის ნიჭიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ცოტა გვიან გაიხსნა. ბავშვობაში „ლიონში“ ირიცხებოდა, თუმცა გულმოდგინედ არ ვარჯიშობდა. მიუხედავად ამისა, მან კარგად გააცნობიერა, რომ წარმატებისთვის ბევრი შრომაა საჭირო. „აიაქსი“ იყო მარცხი, რამაც გიორგი კიდევ უფრო გაზარდა“, – ამბობს ვილი სანიოლი.