ვილი სანიოლი - ევრო 2024-ზე ჩემთვის მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები ფეხბურთის თამაში, რაც პლეი ოფში ვაჩვენეთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თავს არ შეირცხვენს, თავის წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს კი მადლობა გადაუხადა – ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატი გვიახლოვდება და მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ. საკვალიფიკაციო მატჩები მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, ახლა ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვსურს, რომელიც შრომისა და მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნება.
ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში მონაწილეობა ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება. ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით, ქება კი ყველა ადამიანს სიამოვნებს. თუმცა მე ამ საქმის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ – რამდენად მნიშვნელოვანი, ეს სხვამ გადაწყვიტოს.
უპირველესად, მინდა, მივულოცო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას – ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ბოლო წლების განმავლობაში მათი გაწეული სამუშაოს შედეგია. მიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი მეც ვიყავი. ქართველი ხალხი ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ელოდა და ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოციების ამოფრქვევა ძალიან ლამაზი სანახავი იყო – მათი ბედნიერი სახეები და სიხარულის ცრემლები მუდამ მემახსოვრება.
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ოთხი წლის წინ D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი B ლიგაში ვართ. ამ ტურნირმა ჩვენი მოთამაშეები დიდი შედეგის მიღწევის შესაძლებლობაში დაარწმუნა. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის ბოლო ციკლი ჩვენთვის დიდი საქმის დასაწყისი იყო.
გადაწყვეტილებებს ზოგჯერ ინსტინქტურად ვიღებთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს პირველად ვესაუბრე, ვიცოდი, რომ ამ ეტაპზე სწორედ აქ ყოფნა მსურდა. საქართველოს ნაკრებში იყო წარმატების მიღწევის პერსპექტივა და აქ მუშაობას სწორედ ამიტომ დავთანხმდი.
დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს. ევრო 2024-ზე გასვლა მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე და ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე დააწინაურა. გუნდის შენება ხანგრძლივი პროცესია და ვლადიმირ ვაისი ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფეხბურთელებისთვის მარტივი სათქმელია, რომ მოედანზე 100%-ით უნდა დაიხარჯონ. მე მათ ვუხსნი, რა უნდა აკეთონ ყოველდღე იმისთვის, რომ ეს შეძლონ. ბევრი ჩვენი მოთამაშე მზად იყო, ყველაფერი გაეღო წარმატებისთვის, მაგრამ არ იცოდა, ეს როგორ გაეკეთებინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მათთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, რომლებსაც მეტად სჭირდებოდათ რჩევების მიცემა. ამან შედეგი მოგვიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ნაკლები უნდა ვიშრომოთ – პირიქით, წინ უფრო რთული დავალება გველოდება და მეტი მუშაობა მოგვიწევს.
ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები ფეხბურთის თამაში, რაც პლეი ოფში ვაჩვენეთ. მოთამაშეებმა ეს იციან და ისიც ესმით, რომ ამ ყველაფერს მე მკაცრად მოვითხოვ.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მიერ სიურპრიზების შეთავაზებას, ამაზე საუბარი ნაადრევია, ახლა ამ თემებზე ლაპარაკი ფეხბურთის ცოდნაზე არ მიუთითებს, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი. შეხვედრისთვის თავდაუზოგავადაც რომ მოემზადო, შესაძლოა, მეტოქემ მაინც გაჯობოს, მსაჯმა შეცდომა დაუშვას, მოთამაშემ ხუთი წუთის შემდეგ წითელი ბარათი მიიღოს და მწვრთნელების შემუშავებული გეგმა შეიცვალოს, შედეგების პროგნოზირება რთულია.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია – ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებაზე, დანარჩენს კი მოედანზე ვნახავთ. ევროპის ჩემპიონატზე სამი თამაში გველის. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სიურპრიზებზე საუბარი. თუ აქამდე 100%-ით ვიხარჯებოდით, ევროპის ჩემპიონატზე 101% იქნება საჭირო.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებას საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად ველოდები და ვფიქრობ, რომ საქართვლოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კარგად ითამაშებს. ვნახოთ, ფეხბურთი ზოგჯერ კარგ ამბებს გვიმზადებს. ვამაყობ და ძალიან მიხარია, რომ გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად მომიწევს ყოფნა. მიყვარს გერმანია, ბევრი წარმატებული წელი მაქვს იქ გატარებული. მიყვარს გერმანელი ხალხი და ევროპის ჩემპიონატს დიდი სიხარულითა და სიამაყით ველოდები“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.