ვილი სანიოლი - ესპანეთის ნაკრები ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ვალიადოლიდში წაგებული (1:3) მატჩი შეაფასა და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის მაღალ კლასს გაუსვა ხაზი. ფრანგმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ საფეხბურთო კალენდარი გადატვირთულია და ბევრი თამაშით ფეხბურთელები იფიტებიან.
„ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თავს ვიცავდით და შეტევაში თითოეული შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობდით. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და მათთვის რთულია მაღალი ინტენსივობით ასპარეზობა. საერთო ჯამში, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.
ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, რომ ესპანეთი, საფრანგეთთან ერთად, ევროპაში საუკეთესო გუნდია და ეს მეტოქის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი. მიმაჩნია, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები არიან და წარმატებებს ვუსურვებ.
ვფიქრობ, ბოლო ორი თვის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ. ესპანეთთან თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ გუნდის საერთო დონე ამაღლდა. მიუხედავად მარცხისა, დღეს კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. კარგი თამაში გვქონდა შოტლანდიის ნაკრებთანაც. თავდაჯერებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ საქართველო ვართ, ყოველთვის მეტი გვინდა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტისთვის მზად ვიყოთ და ვეცდებით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ვაჩუქოთ.
რაც შეეხება გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარს – თამაშამდე ვთქვი, რომ ამ მხრივ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ფეხბურთი და ფეხბურთელები ყველაზე მეტად ზარალდებიან.
ძალიან ვწუხვარ გავის ტრავმის გამო, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. როგორც ჩანს, მისი დაზიანება სერიოზულია. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რადგან მოთამაშეები გამოფიტვის ზღვარზე არიან და შედეგებიც შესაბამისია“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.