ვილი სანიოლი ერთა ლიგის წილისყრაზე - რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი ერთა ლიგის წილისყრაზე - რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის 2023/24 წლის გათამაშების წილისყრაზე, სადაც საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა. „ჯვაროსნების“ მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა. მოუთმენლად ველით ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ.

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რათა ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოოდ, ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი – 14-19 ნოემბერს. სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი – 2025 წლის ივნისში.