საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ სიხარული ვერ დამალა, რომ „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია.
რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო.
მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.