ვილი სანიოლი - ჩვენი ამბიციები და მოლოდინი ერთმანეთისგან აცდენილია #1TVSPORT
„საქართველოს ნაკრებში დანიშვნისას ითქვა, რომ მიზანი მესამე ადგილი იყო. რა მოხდება, თუ შედეგი არ გექნებათ და თქვენს მომავალზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს თუ ელაპარაკეთ?“, – უახლოეს სანაკრებო მატჩებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ამ კითხვასაც უპასუხა.
„ქართული არ ვიცი, მაგრამ სულ ვცდილობ, გავიგო, სპორტულ მედიაში რა წერია. ჩვენ ახალგაზრდა ტალანტები გვყავს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად აქცევენ. დიახ, მე მსურდა მესამეზე და უფრო მაღალი ადგილით დაგვესრულებინა შესარჩევი ციკლი. ფეხბურთი ნახევარწლიანი პროექტი არ არის, მოდის ერთა ლიგა“, – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მას გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად ჩააბარეს.
ვილი სანიოლმა გარკვევით თქვა, რომ საზოგადოების მოლოდინი და რეალობა ერთმანეთისგან დაშორებულია.
„ჩვენ არ გვყავს, მესის, ნეიმარის, მარადონას და პელეს დონის ფეხბურთელები. ზოგჯერ ამბიციები და მოლოდინი კომპეტენციას არ ემთხვევა და ამის გამო საქართველოში გაკვირვებული ვარ“.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კიდევ ერთხელ მოუხდა კომენტარის გაკეთება საკუთარ ფრაზაზე, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპ-კლუბებში არ თამაშობენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რა განსხვავებაა ფაქტებსა და ემოციებს შორის. ამაზე დამატებით საუბარი არ მსურს. ეს ფაქტია. იმედია, მომავალში ტოპ-კლუბებში ბევრი მოთამაშე იქნება. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები და იმედია, ევროპის ტოპ-ლიგებში ქართველების წასვლაში „ლოკომოტივის“ როლს შეასრულებენ. ახლა ჩვენ გულის და მონდომების ხარჯზე ვთამაშობთ“.