ვილი სანიოლი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებას და პირველ ადგილზე გასვლას შევეცდებით #1TVSPORT
ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოახლოებულ შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებაზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეკარეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ფავორიტად რომ ვითლებით, ხომ არ გაგვიწევს დათვურ სამსახურს? ძლიერი ჯგუფია და ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი ნაკრებია, ძლიერი მოთამაშეებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ მატჩში ფავორიტად ვინ ითვლება.
მაგალითად, ჯგუფის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ფავორიტად ჩრდილოეთ მაკედონიას ვთვლიდი, მაგრამ ახლა პირველ ადგილზე ჩვენ ვართ. ხვალინდელ შეხვედრაში შევეცდებით გამარჯვებას, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. სხვაგვარად იმედგაცრუებულები დავრჩებით.
ვიქნებით თუ არა პრაგმატულები ხვალინდელ მატჩში? ჯობია, ის ვითამაშოთ, რაც გამოგვდის. შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, რომ ქულა გქონდეს დასახული და მოიპოვო – ასე შედეგს ვერასოდეს მიაღწევ. ჯობია გავაგრძელოთ ის, რაც კარგად გამოგვდიოდა – ბურთის ფლობასთან ერთად, სწრაფი შეტევები უნდა განვახორციელოთ. თუ ისევე მივუდგებით ხვალინდელ შეხვედრას, როგორც ივნისის მატჩებს, წარმატებას მივაღწევთ.
სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ და ჯერ მიჭირს თქმა, ვინ როგორ ფორმაშია. თუმცა, უპირატესობა მივანიჭებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც კლუბებში 90 წუთი თამაშობენ, რომ მაღალი ინტენსივობის თამაშის დატვირთვას გაუძლონ.
ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები მაღალ დონეზე თამაშობენ. როდესაც მოვედი, სხვაგავარად იყო. ახლა ბევრად გამოსწორდა ვითარება. ეს ფეხბურთელები ქართული კლუბების აღზრდილები არიან. დიახ, ამ კუთხით შეგიძლიათ თქვათ, რომ იღბლიანი მწვრთნელი ვარ. ამ მოთამაშეების გაზრდა კლუბების და ფედერაციის დამსახურებაა.
მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ. გუნდში ჯანსაღი გარემო ბევრს ნიშნავს. დიდი ხანია, ნაკრებში ასეთი კარგი განწყობა არ ყოფილა. ერთადერთი რისკი ისაა, რომ მოდუნდნენ და 100 პროცენტით არ დაიხარჯონ. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თამაშის დავალებები წარმატებით უნდა შესრულდეს“, – ამბობს ვილი სანიოლი.
ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).