ვილი სანიოლი - ჩემს ფეხბურთელებს ევრო 2024-ზე მოხვედრა სურთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიასთან (გასვლაზე) საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად პრინციპული მატჩში გამარჯვებისა და რევანშის (0:3) შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „ტოდოტ პროესკი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, შესანიშნავი მოგების მიუხედავად, მოკრძალებული იყო და გამარჯვება მთლიანად ფეხბურთელებს მიაწერა.
ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად გუნდის გამოვლენილი არასტაბილურობისა, სჯერა, რომ „ჯვაროსნებს“ ევრო 2024-ზე მოხვედრა შეუძლიათ.
„რაც ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი არ შევცვალე, ვიცოდი, რომ ზოგიერთი მოთამაშე დაღლილი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, მოედანზე დამეტოვებინა. შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ მხოლოდ რამდენიმე დეტალის შეცვლა გვჭირდებოდა. ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი სამუშაო ჩაატარეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ, მაგრამ თუ პირველ ტაიმს გადავხედავთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. მეორე ტაიმში თამაშით ბევრად კმაყოფილი ვარ.
საქართველოში გასულ წელს თუ გადავხედავთ, აღმავლობა და ვარდნა იშვიათობა არ იყო. სექტემბერი დამღუპველი იყო ჩვენთვის, სამი მარცხი გვქონდა, ბევრმა ტრავმა მიიღო და ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში არ თამაშობდნენ.
ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. თუ მოთამაშეებს სურთ იყვნენ წარმატებულები, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარ თავს აჯობონ და იმ კლუბებში, სადაც ითამაშებენ, თავი გამოავლინონ.
მე ნაკრების მწვრთნელი ვარ და შემიძლია ტაქტიკის შერჩევა, მაგრამ დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამბიციურები ვართ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ცდილობენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჩვენ ამის გვჯერა და მიმაჩნია, რომ შეგვიძლია“, – განაცხადა სანიოლმა.