ვილი სანიოლი - ჩეხეთი და ჩვენ თითქმის ერთი დონის ნაკრებები ვართ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ჩეხეთი და ჩვენ თითქმის ერთი დონის ნაკრებები ვართ #1TVSPORT

ჩეხეთთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ჩეხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ განსხვავებული ვითარებაა და ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ და არა მეტოქე. ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრები კარგი მოგონებებია, თუმცა ეს უკვე წარსულია.

ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე უფრო აგრესიულად თამაშობდა, სექტემბერში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ხვალაც განსხვავებული თამაში გველის, მეტოქის გუნდში ბევრი ცვლილებაა, სულ სხვა გუნდს ვეთამაშებით.

ამ მატჩებმა გვასწავლა, რომ ფიზიკურად უფრო კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული. სტრატეგიას რაც შეეხება, ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის.

თუ ჩეხეთთან მოვიგებთ, A დივიზიონში გადავალთ. არ გვიფიქრია, რა დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ, უფრო მეტს ვისწავლით, მეტად განვვითარდებით – ეს საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და დიდი პროგრესი იქნება.

ოქტომბრის თამაშები რთული გამოვიდა, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ აქ მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ – სულ ცოტა ხნის წინ D და C დივიზიონში ვიყავით.

ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი იქნებოდა. შეიძლება სათამაშო სტილით ერთმანეთს არ ვგავართ, თუმცა ჩვენ და ჩეხეთი თითქმის ერთი დონის ნაკრებები ვართ და მოგება ორივეს შეგვიძლია. საქართველოს ნაკრები გამორჩეულად შემტევი და სანახაობრივი გუნდია, რომელიც ყველა მატჩზე მოსაგებად გადის“.