ვილი სანიოლი - ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე, ვინ ითამაშებს და ვინ – არა, ჩემი გადასაწყვეტია #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია. ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც შორს ვარ. მინდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღო მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით.
ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს, ექვსი-შვიდი თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დავტოვე და ბუდუს ძირითადი შემადგენლობიდან დავაწყებინე. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად ბევრს მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამის მიღება აღარ შემიძლია. მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ და ეს ყველასთვის ნათელია. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, მე ვწყვეტ. სულ ეს არის. ბოდიში ასეთი ტონისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამის გამო ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.