ვილი სანიოლი - არავის ვადანაშაულებ, მაგრამ სექტემბერში შეიძლებოდა მეტი თავდადება გამოგვეჩინა, რადგან ეს ეროვნული ნაკრებია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენცია გამართა და ოქტომბრის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში გუნდის მიზანზე ილაპარაკა.
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს.
„ჩვენი გუნდის სექტემბრის მატჩებზე ვთქვი, მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ სხვანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო მეტი მომზადება გვჭირდება, რომ შეკრულები ვიყოთ. არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ შეიძლებოდა მეტი თავდადება გამოგვეჩინა, რადგან ეს ეროვნული ნაკრებია,
იმედია, შემდგომ თამაშებში ამ თავდადებასა და მონდომებას გამოვავლენთ და იმ ბრძოლისუნარიანობას ვაჩვენებთ, რომელსაც გულშემატკივარი ელის.
ჩემი მხარდაჭერა ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ტრავმირებულია, მაგრამ დაგვიბრუნდნენ ოქრიაშვილი, გვილია, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე. ეს ფაქტი ოქტომბრის მატჩებისთვის გვაიმედებს“.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთი კითხვა დაუსვეს – ახლა ნაკრებს ამ უსახური მატჩებისთვის ყვითელ ბარათს ვაჩვენებთ? ეროვნულ გუნდში ხედავთ იმ რესურსს, რომ თამაში გამოსწორდეს? და თუ გუნდი ერთ მატჩსაც ვერ მოიგებს, დარჩებით თუ გადადგებით?
„თქვენი შეკითხვა ალბათ იუმორით იყო დასმული და პოზიტიურად მივიღებთ. არ მგონია, ბარათი გჭირდებოდეს იმის გასაგებად, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ. ბევრი მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა. პლუს, გამოვიყენეთ ფეხბურთელები ადგილობრივი ლიგიდან, მაგრამ ძნელია, რომ ისინი სხვა ქვეყნის ნაკრების დონეზე იყვნენ. ჩვენს მეტოქე კოსოვოს ნაკრებში არიან „ლაციოს“, „რომას“, იტალიის, ინგლისის საუკეთესო გუნდების ფეხბურთელები, ისევე როგორც სხვა მეტოქე ნაკრებებში.
თუმცა, ჩვენ გვყავს გვყავს ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მამარდაშვილი და კიდევ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე. იმედია, ისინი მალე მაღალი დონის გუნდებში ითამაშებენ, უფრო მეტი გამოცდილება ექნებათ და ნაკრები უფრო გაძლიერდება – ეს არის ოპტიმიზმის საფუძელი, რომ ჩვენ ერთად შევცვლით საერთო სურათს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.