ვილი სანიოლი - ამ შეკრებაზე მესამე მეკარის გამოძახება საჭიროდ არ ჩავთვალე #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორი მეკარე – გიორგი ლორია და გიორგი მამარდაშვილი გამოიძახა. ფრანგმა სპეციალისტმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„მას შემდეგ, რაც ლაზარე კუპატაძე უკლუბოდ დარჩა, ნაკრებში მესამე მეკარედ ლევან შოვნაძე გამოვიძახეთ. მინდოდა შანსი დავით კერესელიძისთვისაც მიმეცა, მაგრამ ტრავმა მიიღო. გასულ წელს ლუკა გუგეშაშვილიც გვყავდა გამოძახებული. გუნდში მესამე მეკარეს განსხვავებული როლი აქვს, ის ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს“ – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ფრანგმა მწვრთნელმა მიანიშნა, რომ ნაკრებს ლორიასა და მამარდაშვილის დონის მესამე მეკარის პრობლემა აქვს.
„არ გვყავს ისეთი მესამე მეკარე, რომელიც სხვებს ბევრად აღემატება და სწორედ ეს იყო როტაციის მიზეზი. ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი თამაში გვაქვს და აქედან გამომდინარე, არ ჩავთვალე საჭიროდ მესამე მეკარის გამოძახება,” – თქვა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.