ვილი სანიოლი - ამ ეტაპზე აზაროვს წიტაიშვილი და შენგელია ვამჯობინეთ #1TVSPORT
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
„ახლა ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მომენტია. დიახ, დავაბრუნეთ ჯაბა კანკავა. რატომ? ეს ჩემი სურვილი იყო. ამაზე ბევრი ვიფიქრე. თავის დროზე მისი სურვილი იყო სანაკრებო კარიერის დასრულება. თუმცა, დიდი სურვილი გვქონდა, ამ მნიშვნელოვან მატჩებამდე მოგვეწვია და თავად ჯაბაც მოხარული იყო, რომ ნაკრებს თუნდაც ერთი წუთით დახმარებოდა.
ლუქსემბურგთან ვინ იქნება ფავორიტი? ეს არაა მთავარი – მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მოედანზე უნდა მოვიგოთ. სამწუხაროდ, ხვიჩა დაგვაკლდება, მაგრამ მიზანს მის გარეშეც უნდა მივაღწიოთ.
რატომ არ არის სიაში აზაროვი? ამაზე დიდხანს ვიფიქრე, რთული გადაწყვეტილება იყო. მე არ ვიყავი კმაყოფილი ნაკრებში მისი რამდენიმე თამაშით, განსაკუთრებით, შოტლანდიასთან, და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე აღარ მომეწვია. ამ პოზიციაზე, ჩემი აზრით, ახლა გიორგი წიტაიშვილი და ლევან შენგელია უკეთ გამოიყურებიან.
საბა ლობჟანიძეც არ არის. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. თუმცა მან გადაწყვიტა ამერიკაში თამაში. კვირას კი მძიმე მატჩი ელის და ჩავთვალეთ, რომ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მატჩისთვის მზად არ იქნებოდა. გადავწყვიტეთ, არ მოგვეწვია“, – ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო – ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.