ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში გამოსვლა დაასრულა და ევროპაში პროფესიული კარიერისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის კოლეჯების ლიგაში რამდენიმე ქართველი კალათბურთელი თამაშობს. მათ შორისაა ვილი ისიანი, რომელმაც საუნივერსიტეტო ლიგაში მეოთხე სეზონი დაასრულა და ამჟამად საქართველოშია. ვილის სამომავლო გეგმებსა და განვლილ სეზონზე ვესაუბრეთ.

– უნივერსიტეტი დავამთავრე, ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ჩემი აგენტი მუშაობს, თუ ამერიკა არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში განვაგრძობ.

შეგახსენებთ, რომ ოკეანის გაღმა წასვლამდე ისიანი ესპანეთში, „გრან კანარიაში“ გამოდიოდა. როგორც მან გვითხრა, აგენტი ესპანურ ვარიანტებზეც მუშაობს. წარმატებული ამერიკული სეზონის შემდეგ კოლეჯების ლიგიდან ჩამოსულ კალათბურთელებს კარგ ევროპულ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება არ უჭირთ.

– „დეტროიტ მერსიში“ ბოლო სეზონს ვატარებდი, გუნდის საკვანძო კალათბურთელი ვიყავი. ეს იყო სეზონი, რომელიც თითქმის უტრავმოდ ჩავატარე. გუნდმა კონფერენციის 1/2 ფინალში ითამაშა, თუმცა ფინალში გასვლაც შეგვეძლო. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის გამო ხუთი თამაში გაგვიუქმდა. რომ გვეთამაშა, მათგან სამს მაინც მოვიგებდით და სატურნირო ცხრილში ისეთ ადგილს დავიკავებდით, ნახევარფინალამდე დამატებითი გადათამაშება არ მოგვიწევდა. 1/2 ფინალში დასვენებულ გუნდს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით.

იმის გათვალისწინებით, რომ „დეტროიტ მერსი“ სწრაფ კალათბურთს თამაშობდა, ფორვარდი ვილი ისიანი მეხუთე ნომრის პოზიციაზე იყო.

– შეტევისას ძირითადად პერიმეტრზე ავდიოდი და სეზონის განმავლობაში ბევრი სამქულიანიც ჩავაგდე.

ისიანი დეტროიტში გოგა ბითაძის თამაშსაც დაესწრო:

– ჩვენი გუნდის მწვრთნელის დონი მარშის შვილი „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. მან მთელ გუნდს დაგვირიგა ბილეთები და გოგას თამაშს დავესწარი. ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია, NBA-ში თავისი ადგილი უკვე იპოვნა.

ვილი ამჟამად საქართველოშია და აქტიურად ვარჯიშობს.

– როდესაც კლუბში დამიძახებენ, მინდა კარგ ფორმაში ვიყო. რაც შეეხება ნაკრებს, იქ მოხვედრა ყველა კალათბურთელის ოცნებაა. არც მე ვარ გამონაკლისი.