ვიკტორ ციგანკოვი უკრაინას საქართველოს ნაკრებთან ვერ დაეხმარება - „ჟირონა“ გარემარბის ეროვნულ გუნდში მიწვევით უკმაყოფილოა #1TVSPORT
ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში უკრაინის ნაკრებს საკვანძო ნახევარმცველი ვიკტორ ციგანკოვი ვერ დაეხმარება. ესპანური „ჟირონას“ გარემარბი სერგეი რებროვმა ეროვნულ გუნდში გამოიძახა, მაგრამ ციგანკოვი, დიდი ალბათობით, საქართველოსა და ალბანეთთთან ერთა ლიგაზე ნოემბრის მატჩებს გამოტოვებს, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა zbirna ავრცელებს.
„ჟირონას“ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაზიანებული. როგორც გაირკვა, ციგანკოვს სრულად გამოსაჯანმრთელებლად დრო არ ეყო. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოთამაშეს კიდევ ერთი კვირა სჭირდება, რათა სრული დატვირთვით ივარჯიშოს“, – წერს უკრაინული გამოცემა.
ესპანური გაზეთი AS-ი იტყობინება, რომ „ჟირონა“ ციგანკოვის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მკურნალობა დასრულებული არაა, მაგრამ ასევე სურდათ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას არ დაპირისპირებოდნენ.
2024/25 წლების სეზონში ციგანკოვმა „ჟირონას“ შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ალბანეთს შეხვდება.