კატარი 2022 | ინგლისის ნაკრებმა ირანი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის შეხვედრები ინგლისისა და ირანის ნაკრების თამაშით გაიხსნა. მატჩისა და ზოგადად, ჯგუფის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრები მოიაზრებოდა.
ლონდონსა და თეირანს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ამ ნაკრებების დაპირისპირებას მეტ სიმძაფრესა და ინტრიგას სძენდა. ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს და თეირანის ხელისფულების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნა გააპროტესტეს. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისისა და ირანის ეროვნულ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან არ უთამაშიათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ინგლისის ნაკრების უპირატესობით წარიმართა. საუთგეიტის გუნდი ბურთს აკონტროლებდა და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა. ანგარიში 35-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა თავური დარტყმით გახსნა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა – 1:0. აღსანიშანავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის ეს ინგლისის ნაკრებში გატანილი პირველი გოლია.
გასული გოლის შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა და ბურთს კვლავ ინგლისის ნაკრები აკონტროლებდა. მეტოქის კარი მეორედ საკამ აიღო (43), ორი წუთის შემდეგ კი (45+1) რაჰიმ სტერლინგმა ირანელთა იმედებს წერტილი დაუსვა და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში 3:0 გახდა. თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი გაცილებით დიდ ხანს გაგრძელდა, რადგან პირველი ტაიმის დასაწისში ირანელების მეკარე დაშავდა და თამაში ხანგრძლივად შეჩერდა. მატჩის არბიტრმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.
სამი უპასუხო გოლის მიუხედავად, თამაშის მსვლელობა არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა. ინგლისის ნაკრები კვლავ დომინირებდა და ირანელთა კარს უტევდა. 62-ე წუთზე საკამ დუბლი შეასრულა და ირანის ნაკრების კარი მეორედ აიღო – 4:0. ირანელებმა ე.წ პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს, რომელიც მეჰდი ტარემის ანგარიშზეა (65). თუმცა, ოთხბურთიანი სხვაობა მალევე აღდგა – ინგლისელების შეტევა 71-ე წუთზე რეშფორდმა გოლით დააგვირგვინა – 5:1. ირანის ნაკრების განადგურება გრილიშმა განაგრძო და 90-ე წუთზე ანგარიში 6:1 გახდა. შეხვედრის 90+12-ე წუთზე ინგლისის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტარემიმ (დუბლი) ზუსტად შეასრულა და საბოლო ანგარიში დააფიქსირა – 6:2 ინგლისის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ არბიტრმა მეორე ტაიმსაც რეკორდულად დიდი დრო დაამატა – 10 წუთი, რადგან ჰარი კეინმა დაზიანება მიიღო და თამაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა. ინგლისელების უდიდესი უპირატესობა, გოლებთან ერთად, ბურთის ფლობაში, პასების რაოდენობასა და სახიფათო შეტევებში აისახა.