თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის ევროპალიგის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრაზე კომენტარი „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ გააკეთა.
გამოცემა „სპორტ 24-თან“ ინტერვიუში 63 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა ფავორიტად მოსკოველები დაასახელა, მაგრამ ამავე დროს, კატეგორიულად გამორიცხა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამო ქართველებმა სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენონ.
„საქართველოში პოლიტიკისა და ადამიანური ურთიერთობების არევა მიღებული არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის დროს არანაირი კონფლიქტი არ იქნება“, – ამბობს ვიაჩესლავ გროზნი.
უკრაინელი სპეციალისტის თქმით, თბილისის „ლოკომოტივმა“ პირველ ეტაპზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და მისი მოთამაშეები თავის გამოჩენას ახლაც შეეცდებიან:
„პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ლოკომოტივმა“ კრაიოვას „უნივერსიტატეა“ დაამარცხა, რომელიც გასულ სეზონში რუმინეთის ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდა. ჩემთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. თბილისური კლუბის ფეხბურთელები ახლაც თავსზემოთ გადახტომას მოისურვებენ იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებზე უარესები არ არიან“.
მან ქართული ფეხბურთის ფინანსური პრობლემები ახსენა:
„საქართველოს ეკონომიკა ფეხბურთში იმხელა ფულის ჩადების საშუალებას არ იძლევა, საუკეთესო ფეხბურთელები რომ შეინარჩუნონ. თბილისის „დინამოში“ ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ყველა ფეხბურთელი გაიყიდა – მათ შორის ბექა მიქელთაძე. რომელიც ახლა რუსეთის პრემიერლიგის ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობს“.
თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად ვიაჩესლავ გროზნი 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. მაგრამ 2017 წლის თებერვალში, შეკრების დროს, თბილისურ კლუბს დაემშვიდობა.