ვეტერანი დინამოელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა - ქართველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის დინამოს ყოფილი მოთამაშე მამუკა ფანცულაია 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელი გახლდათ. 1985 წელს, საბჭოთა კავშირის 18-წლამდელების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა. ის დღემდე ერთად-ერთი ქართველია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სულ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

1987 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებში ლიდერობდა. 1990 წელს, (გია გურულთან ერთად) 23 გოლით ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. არის 1990 წლის 27 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე – ამ დღეს, საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი თამაში ლიტვასთან ჩაატარა.

წლების განმავლობაში, მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია ოლიმპის მწვრთნელი გახლდათ – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მისი გაზრდილია.