ვესტბრუკმა 41 ქულა დააგროვა და „ვაშინგტონს“ „ბრუკლინთან“ მოაგებინა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:06, 01.02.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულრული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ვაშინგტონმა“ საკუთარ არენაზე „ბრუკლინს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 149-146 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე „ნეთსი“ 5 ქულის სხვაობით იგებდა. თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ჯერ ბრედლი ბილმა შეამცირა სხვაობა ორ ქულამდე. შემდგომ კი ბრუკლინელთა მსროლელმა ჯო ჰარისმა ბურთი დაკარგა. რასელ ვესტბრუკმა კი სამიანი ჩააგდო და საბოლოოდ საკუთარ გუნდს მოაგებინა.
ვესტბრუკის ანგარიშზე 41 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 8 პასია. ბრედლი ბილმა 37 ქულა მიითვალა.
„ნეთსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 37 ქულით კევინ დურანტი იყო. კაირი ირვინგმა 26 ქულით დაასრულა მატჩი. ჯო ჰარისმა კი 30 ქულა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.