„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა ტომას ვერმალენმა, შესაძლოა იაპონიის „ვისელ კობეში“ გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“ (Mundo Deportivo).
წყაროს ცნობით, 33 წლის ბელგიელი უკვე ჩავიდა იაპონიაში კონტრაქტის გასაფორმებლად. ხელშეკრულება ორწლინახევრიანი იქნება და სავარაუდოდ, ვერმალენისთვის „ვისელ კობე“ ბოლო კლუბი გახდება კარიერაში.
სხვათა შორის, ამ იაპონური კლუბის რიგებში უკვე თამაშობს „ბარსელონას“ ორი ყოფილი ფეხბურთელი – ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა და ფორვარდი დავიდ ვილია. იქვეა გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი.
ვერმალენი „ბარსელონაში“ 2014 წელს გადავიდა „არსენალიდან“ და მხოლოდ 53 მატჩი ჩაატარა კატალონიურ კლუბში. 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ, ბელგიელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.