დანიელმა ახალგაზრდამ ანდერს ვერგანგმა საკუთარი რეკორდი, რომელიც საფეხბურთო სიმულატორ „ფიფა“-ში (FIFA 21) დაამყარა, კიდევ უფრო გააუმჯობესა და ზედიზედ 510 შეხვედრა მოიგო.
ვერგანგმა პირველად ყურადღება 2020 წლის ნოემბერში მიიპყრო, როდესაც „ფიფა 21“-ის რეჟიმ „ალთიმეით თიმში“ (FIFA ULTIMATE TEAM) 150 შეხვედრა მარცხის გარეშე მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 16 წლისაც არაა და პროფესიონალურ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება არ აქვს, მასთან კონტრაქტი საფეხბურთო კლუბმა „ლაიპციგმა“ გააფორმა.
„სპორტბაილბლთან“ (SPORTbible) საუბრისას ვერგანგმა განაცხადა, რომ „ფიფა“-ს 2013 წლიდან თამაშობს და მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსის მოპოვების სურვილი აქვს:
„ძალიან ამბიციური ვარ, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის უფლებას ჯერ არ მაძლევენ, შებამისად „ალთიმეით თიმი“ არის რეჟიმი, სადაც თავის გამოჩენა შემიძლია. მინდა გავიტანო გოლები, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე დაუმარცხებელი და გავხდე მსოფლიოში საუკეთესო.“
ნამდვილად საინტერესოა კიდევ რამდენი ხანი დარჩება ახალგაზრდა დანიელი დაუმარცხებელი და მიაღწევს, თუ ვერ ისტორიულ 1000 მოგებას. ერთი რამ კი ნათელია – ვერგანგს აქვს უნარი პროფესიონალურ დონეზე პირველივე წლიდან მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.