მათე ვაწაძე 6-წლიანი პაუზის შემდეგ „დინამო თბილისში“ ითამაშებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„მათე ვაწაძე „დინამო თბილისის“ რიგებს შეუერთდა. ფეხბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა“, – წერია თბილისური კლუბის ცნობაში.
მათე ვაწაძე 35 წლისაა და კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2005-2010 წლებში პირველ გუნდში 96 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა. 2011 წელს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“ გადავიდა. მალე დაბრუნდა საქართველოში და სეზონის ბოლოს გორის „დილას“ შეუერთდა, სადაც ევროპის ლიგაზე გუნდის პლეი ოფში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.
2012 წლის 2 სექტემბერს დანიის სუპერლიგის „ორჰუსთან“ ხელი მოაწერა 3+0,5-წლიან კონტრაქტს. შემდეგ იყო თბილისის „ლოკომოტივი“, დანიური „ვიბორგი“ და „სილკებორგი“, „დინამო თბილისი“, ლატვიური „ლიეპაია“, უზბეკური „ქიზილკუმი“, „ოლმალიქი“, 2022 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და „გაგრაში“, ითამაშა, მოირგო ბათუმის „დინამოს“ ფორმა, წელს კი „გაგრაში“ დაბრუნდა.
მათე ვაწაძე იყო საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრეების წევრი – „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.