ვასილ მაისურაძის დაბრუნება - ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს
ვასილ მაისურაძის დაბრუნება - ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს
ვასილ მაისურაძე სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდა- 49 წლის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს უხელმძღვანელებს.
 
მაისურაძე 2011-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელად მუშაობდა. ბოლო წლებში კი მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.
ეს გადაწყვეტილება სფფ-ს ხელმძრვანელებმა იმიტომ მიიღეს, რომ დეკემბერში გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფა-ს დისკვალიფიკაციის გამო დატოვა.
„ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე” – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვასილ მაისურაძე გუნდს მოედანზე 26 მარტს გაიყვანს. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება, რომელთან ინციდენტის გამოც ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელი შეიცვალა.
ვასილ მაისურაძის სამწვრთნელო კარიერა:
2010 საქართველოს 16-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2011-2012 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2012-2013 თბილისის დინამოll – მთავარი მწვრთნელი.
2013-2014 საქართველოს 19-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2014-2015 თბილისის ლოკომოტივი – მთავარი მწვრთნელი.
2015-2016 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2017 საქართველოს 18-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2018-2020 საქართველოს 20 წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.