როგორ ავითარებენ ფეხბურთს - ნორვეგიაში წელიწადში 100 სტადიონს აშენებენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ნორვეგიული საფეხბურთო სისტემის შესახებ ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის ინტერესი იმან გამოიწვია, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი ორიოდე დღის წინ ნორვეგიიდან დაბრუნდა, სადაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა, 3 მატჩში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში გავიდა.
ბოლო წლებში ნორვეგია ასაკობრივი ნაკრებების დონეზე წარმატებით თამაშობს და ბევრი მაღალი დონის ვარსკვლავი გაზარდეს. ბოლო მათგანი კი ერლინგ ჰალანდია – მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი.
„ნორვეგიაში ყოფნისას მქონდა საშუალება და მათ საფეხბურთო პროგრამას გავეცანი. ეს 10-წლიანი პროგრამაა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი კარგი ინფრასტრუქტურის შექმნაა. ამას გარდა, ბევრი საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბეს. ნორვეგიაში წელიწადში 100 სტადიონს აშენებენ“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მოთამაშეთა სწორ აღზრდას ეფუძნება.
„იქ სისტემური მუშაობა მიდის, ეს შედეგებზე აისახება კიდეც. ასაკობრივ ნაკრებებში ბევრ ძლიერ გუნდთან გვითამაშია, მაგრამ არ მახსენდება, 17 და 19-წლამდელთა დონეზე ასეთ ძლიერ ნაკრებს ბოლოს როდის ვეთამაშეთ.“
მან საქართველოში ფეხბურთელების აღზრდის სისტემის ჩამოყალიბებაზე ილაპარაკა.
„წარმოუდგენელია განვითარება, თუ მზა ფეხბურთელების გაზრდის სიტემა არ არსებობს. საქართველოში ამ სისტემის ჩამოყალიბება დაწყებულია, მაგრამ ამას ჯერ კიდევ დრო უნდა. მე არ ვიტყოდი, რომ ათეული წლები, მაგრამ რამდენიმე წელი აუცილებელია, დამეთანხმებით, რომ ბევრი მოედანი კეთდება, ეს აკადემიები ზუსტად ისაა, სადაც ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები იზრდებიან. ჩვენ ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ კლუბები თუ არ გაძლიერდნენ, არაფერი გამოვა. კლუბებში ბავშვთა ფეხბურთს არანაკლები ყურადღება სჭირდება, ვიდრე დიდების გუნდებს“.