ვასილ მაისურაძე - ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ, ტალანტებმა ძლიერ ჩემპიონატში უნდა ითამაშონ, ესაა ჩვენი პრობლემა #1TVSPORT
ვასილ მაისურაძე - ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ, ტალანტებმა ძლიერ ჩემპიონატში უნდა ითამაშონ, ესაა ჩვენი პრობლემა #1TVSPORT

„საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ მერე ძლიერ ჩემპიონატში თამაში სჭირდებათ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვასილ მაისურაძემ განაცხადა.

„საქართველოში ნიჭიერი თაობები სულ მოდიან, მაგრამ დიდ ფეხბურთში გადასვლის ეტაპი ყველაზე მეტად გვიჭირს. რა არის ამის მიზეზი?“, – საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ კითხვაზეც უპასუხა.

„პასუხი მარტივია, ასაკობრივი სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ, კარგი იქნება, რომ ამ ნიჭიერმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშონ. ეს არის მარტივი. უნდა გადავიდნენ ისეთ კლუბებსა და ჩემპიონატებში, სადაც თამამად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვასილ მაისურაძემ.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: „18-19 წლის ბიჭი სერიოზულ გუნდსა და ჩემპიონატში რომ მოხვდება და კონკურენცია იგრძნონ, სწორედ ეს გვაკლია, თორემ ნიჭიერი ბავშვები არასოდეს გვაკლდა“.

ვასიკო მაისურაძე: „ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდია „დინამო თბილისი“ და მერე „საბურთალო“. ასეთი გაელვებები და გამარჯვებები კარგია ამ ბიჭებისთვისაც და მომავალი თაობებისთვისაც, რადგან დაფიქრდებიან, რომ ასეთი გასვლითი წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს ისტორიაა და მომავალ თაობებსაც გამოადგებათ. ამ ტურნირზე ბევრი სელექციონერი დადიოდა და ფეხბურთელებს აკვირდებოდნენ. მაგრამ ამ სამზარეულოში ჩახედული არ ვარ“.

მისი აზრით, ნიჭიერი მოთამაშეებისთვის უცხოეთში წასვლა კარგია, მაგრამ ადგილობრივ ჩემპიონატში გამოცდილებაც საჭიროა.

„თუ კარგი მოთხოვნა იქნება და ფეხბურთელში ფულს იხდიან, ძნელია გააჩერო. მაგრამ ვთვლი, რომ აქ უნდა „დავაჟკაცდეს“ და პირველი ნაბიჯები ეროვნულ ლიგაში გადადგას. არ არის საჩქარო, რომ მაინც და მაინც 17-18 წლის წავიდეს. 21 წლის რომ წავიდეს, რა მოხდება? არც არაფერი“.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მე-10 ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ლარვიკისფრამ პარკენზე“ მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა და 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა. „ჯვაროსნებმა“ მასპინძლებს ქულით გადაასწრეს და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.

ვასილ მაისურაძე ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ეს 2013 წელს 17-წლამდელთა ნაკრებში მოახერხა.