ვასილ მაისურაძე - პორტუგალიის ტურნირზე სამ სერიოზულ თამაშს ჩავატარებთ, რაც მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
ვასილ მაისურაძე - პორტუგალიის ტურნირზე სამ სერიოზულ თამაშს ჩავატარებთ, რაც მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების გეგმებზე ილაპარაკა.

– პორტუგალიის ტურნირზე სამ სერიოზულ თამაშს ჩავატარებთ, რაც მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დონეზე რომ ვთამაშობთ, ჩათვალეთ, რომ უფრო მეტი თვითრწმენა მოდის, სხვა დინამიკა, ფეხბურთელების სხვა შეფასება და თავდაჯერებულობა. შემდეგი მზადების  გეგმები იმაზეა დამოკიდებული, ელიტ-რაუნდში რომელი გუნდი გავა. ამის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა.

– ჩვენ შესარჩევ ეტაპზე გოლი არ გაგვიშვია, რადგან უკანა ხაზის ორგანიზებას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ. პანდემიის გამო ვერ მოვასწარით და მანამდე სულ ოთხი თამაში ჩავატარეთ. უპირველესად მაინც იმაზე ვფიქრობდით, რომ საიმედო დაცვა და მეკარე გვყოლოდა და გოლი არ გაგვეშვა. ამან თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ამ ტურნირზე ბევრი მომენტი შევქმენით – უელსთან, ნორვეგიასთან. ვიტყვი, რომ შეტევა და დაცვა დაბალანსებული გვქონდა.

– ელიტრაუნდის წილისწყრა უეფა-ში 4 დეკემბერს გაიმართება, ჯგუფიდან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გუნდი გავა. რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ გასულები, განთესილები ვიქნებით და შეიძლება, ისეთ გრანდებს ავცდეთ, როგორებიც არიან ესპანეთი, ინგლისი, გერმანია. ეს ძალიან კარგია, რომ პირველი ადგილით გავედით. ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდი ითამაშებს, მასპინძელი სლოვაკეთს დაემატება 7 ჯგუფის გამარჯვებული.

– არის შანსი, რომ ელიტ-რაუნდი საქართველოში ჩატარდეს, ეს მოლაპარაკების შედეგია, ოთხეულიდან 2 ნაკრები თუ დათანხმდება, საქართველოში ჩამოვლენ.  ეს წილისყრის შემდეგ გადაწყდება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მე-10 ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ლარვიკისფრამ პარკენზე“ მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა და 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა. „ჯვაროსნებმა“ მასპინძლებს ქულით გადაასწრეს და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.

ვასილ მაისურაძე ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ეს 2013 წელს 17-წლამდელთა ნაკრებში მოახერხა.