„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოსთან დაკავშირებით სარედაქციო წერილს აქვეყნებს
„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოსთან დაკავშირებით სარედაქციო წერილს აქვეყნებს

ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდნენ, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილში სათაურით, ​„რუსეთის ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია“.

„15 წელზე მეტია, საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფო საქართველო, რუსეთის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მუდმივად მიემართება, თუმცა შეფერხებებით. ახლა მან უკან დიდი ნაბიჯი გადადგა. სამშაბათს თბილისში პოლიციამ წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდი მოაწყო და მისი ლიდერი, ნიკა მელია დააკავა. დაკავება კულმინაცია გახდა თვის იმ პოლიტიკური კონფლიქტისა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკური სისტემა კოლაფსის ზღვრამდე მიიყვანა და დასავლეთთან მისი კავშირები საფრთხეში ჩააგდო – მოვლენები, რომელსაც ვლადიმერ პუტინზე მეტად, სარგებელი არავისთვის მოაქვს.

ზოგიერთებმა ვაშინგტონში მმართველი პარტიის დადანაშაულება იჩქარეს, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს. ექსცენტრიული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია განაგრძობდა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისკენ მისწრაფებას და ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რომელიც ქვეყანაში 2008 წელს შეიჭრა და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ორი რეგიონი. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2000-იან წლებში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლო კავშირებს ამყარებდა, ვაშინგტონს მხარდაჭერისკენ ხმამაღლა მიმართავს და ამბობს, რომ ბატონ ივანიშვილს ქვეყანა უკან, ავტოკრატიისკენ და მოსკოვის ორბიტისკენ მიჰყავს.

ბატონი მელიას დაკავების სადავო იურიდიული საფუძველი ნამდვილად გაუმართლებელი და პროვოკაციულია – იმდენად, რამდენადაც პარტია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, იმის ნაცლად, რომ ოპერაცია ჩაეტარებინა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. თუმცა დემოკრატიული ნორმების მიმართ ოპოზიციის ერთგულება ასევე საეჭვოდ გამოიყურება. გასულ წელს ფართოდ აღიარებულ საარჩევნო რეფორმებზე მოლაპარაკებების გამართვით „ქართულ ოცნებასთან“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა, რომელშიც, როგორც კენჭისყრამ აჩვენა, მოქმედმა ხელმძღვანელებმა გაიმარჯვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო, რომელ დასკვნამდეც მრავალფეროვანი საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი არ მისულა. მათ დარღვევებზე მიუთითეს, თუმცა შედეგებში ეჭვი არ შეუტანიათ.

ბატონი მელია თავად 2019 წელს დემონსტრანტების მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობას სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა. ის ამ ინციდენტიდან გამომდინარე გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს. არჩევნების შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მოწოდებების მიუხედავად, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ხელმძღვანელობდა. კომპრომისის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ახლა უკრაინაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ბატონი სააკაშვილი ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ 2003 წელს რევოლუციას ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გზა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. ამის ნაცვლად, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდნენ, რომელიც ადრე აშშ-სა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ბატონი მელია, ასევე გიორგი რურუა, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანიის მფლობელია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც გასულ შემოდგომას არჩევნებში საპარლამენტო ადგილები მოიპოვეს, უნდა დაიკავონ ეს ადგილები. საქართველოს თუ სურს გააგრძელოს დასავლური დემოკრატიისკენ სვლა და არა ევრაზიული ავტოკრატიისკენ, მისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისს, ტოლერანტობას და ძალაუფლების განაწილებას უნდა მიაღწიონ“, – აღნიშნულია სტატიაში.