ვარლამ ლიპარტელიანი - რამდენიმე თვე მაინც დაგვჭირდება, ფორმაში რომ შევიდეთ
ვარლამ ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მალე შეიკრიბება და ჩვეულ სავარჯიშო რეჟიმს დაუბრუნდება. ამის შესახებ ნაკრების კაპიტანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„კარანტინის პერიოდში სახლის პირობებსა და ბუნებაში, კუს ტბაზე მიწევდა სირბილი და ინდივიდუალური ვარჯიში. დღეს კი დარბაზები გაიხსნა და ნაკრების წევრებმა ძიუდოს აკადემიაში შევძელით შესვლა, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირველი დღე ძალიან რთული გამოდგა, რადგან ტატამზე 3-4 თვე არ გავსულვართ. 2-3 თვე მაინც დაგვჭირდება, ფორმაში რომ შევიდეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ვარლამ ლიპარტელიანი.
ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი იმედოვნებს, რომ ეროვნული გუნდის შეკრება მალე დაიწყება: „ნაკრების შეკრება ოფიციალურად არ დაწყებულა, ეროვნული გუნდის წევრები ძიუდოს აკადემიაში სავარჯიშოდ შევედით. თუმცა, ჯერ სრულად არ შევკრებილვართ, რადგან ბევრი ადამიანის ერთად ვარჯიში არ შეიძლება. მიდის მოლაპარაკება, რომ საქართველოს რეგიონში გასვლითი შეკრება დაიგეგმოს – სად, ჯერ არ ვიცით. უცხოეთში გასვლასაც ვერ ვახერხებთ. ეს მზადებაში ხელს ძალიან გვიშლის, რადგან საერთაშორისო შეკრებაზე ბევრი სპარინგ-პარტნიორია. ეს პრობლემაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ევროპელი და აზიელი სპორტსმენებისთვისაც“.
საქართველოს პირველ არხთან გამოცდილი მოჭიდავემ მოახლოებულ სანაკრებო შეჯიბრებებსა და მანამდე ფორმის აღდგენის შესაძლებლობაზეც ილაპარაკა: „ვფიქრობ, შესაძლებელია, ნოემბერში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს, რომელიც პრაღაში გაიმართება. მაგრამ 100 პროცენტით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. მანამდე რამდენიმე გრან-პრია ჩანიშნული, მაგალითად, ერთ-ერთი – ბრაზილიაში, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ესეც არ ვიცით, გაიმართება თუ არა“.