ვარლამ ლიპარტელიანი - მჯერა, რომ ტოკიოში ყველაზე მეტ ოლიმპიურ ოქროს მოვიპოვებთ #1TVSPORT
დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი გაემგზავრება – 30 სპორტსმენს შორის არიან ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იქნება.
ნინო სალუქვაძე, საქართველოს დელეგაციის მედროშე: „კარიერაში მერვედ ვარ დელეგაციის მედროშე – ამჯერად, ლაშა ტალახაძესთან ერთად და ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. საქართველოს დელეგაციის იმედებს რაც შეეხება, ჩვენ ისეთი სპორტსმენები გვყავს, შეგვიძლია ძალიან მაგრად გამოვიდეთ. თუმცა არ მინდა, წინასწარ „ჰოპლა“ დავიძახო. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე კარგად გამოსვლას შევძლებთ“.
ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი: „უპირველესად, ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრს წარმატება მინდა ვუსურვო. ყველა სახეობაში ძლიერი შემადგენლობით მივდივართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ ოქროს მედალს მოვიპოვებთ“.
იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.