ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გახსნეს.
ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფამ პროგრამა “ფორვარდის” ეგიდით დააფინანსა და მისი ღირებულება 2 223 174 ლარია.
რაც მთავარია, სპორტული კომპლექსით ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების, სამოყვარულო გუნდები, ბავშვთა რეგიონულ ნაკრებები უფასოდ ისარგებლებენ. გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.
ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.