ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ჰალანდის საქართველოს ნაკრებთან თამაში საეჭვოა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნორვეგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლიდერმა, ერლინგ ჰალანდმა ვარჯიშზე საზარდულის დაზიანება მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში, ყველა საკლუბო ტურნირზე ჰალანდს 42 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ნორვეგიის ნაკრების რიგებში გასულ წელს ჩატარებულ ერთა ლიგაზე 6 გოლს მოუყარა თავი.
საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა 28 მარტს, ბათუმში გაიმართება. მანამდე, 25 მარტს ნორვეგია სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. ამავე დღეს საქართველო ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს უმასპინძლებს. „ჯვაროსნების“ ორივე შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.