ვანდერსონს გუგეშაშვილის სჯერა - ლუკა „ყარაბაღში“ წარმატებას მიაღწევს #1TVSPORT
გორის „დილას“ ბრაზილიელ ლეგიონერ ვანდერსონ სილვას აზერბაიჯანულმა სპორტულმა გამოცემა „აზერისპორტმა“ კომენტარი ჩამოართვა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახში“ გადასვლაზე.
საქმე ისაა, რომ ვანდერსონ სილვა აზერბაიჯანული კლუბის, „საბაჰის“ მცველი იყო, ამჟამად გორის „დილაში“ თამაშობს და ყოფილი თანაგუნდელს, ლუკა გუგეშაშვილს კარგად იცნობს.
„ლუკასთან ერთად „დილაში“ ვთამაშობდი. ის კარგი მეკარეა. ვფიქრობ, ლუკა „ყარაბაღში“ წარმატებას მიაღწევს. სიმართლე გითხრათ, მასთან დიდი ხანია არ მილაპარაკია. წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ვანდერსონმა.
ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი პოლონურ „იაგელონიას“ ეკუთვნოდა, რომელმაც ქართველი მეკარის აზერბაიჯანში გადასვლით ტრანსფერში 300 ათასი ევრო ისე აიღო, რომ მას გუნდში არ უთამაშია – ლუკა იჯარით საქართველოს და ესპანეთის კლუბებში გაუშვეს, ახლა კი აზერბაიჯანის ყველაზე წარმატებულ კლუბში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის ახალი გუნდი კონფერენს ლიგის პლეი ოფში მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება 30 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს, მან გორის „დილასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.