ვან დერ სარი აცხადებს, რომ დე ლიხტი და დე იონგი იანვარში არ გაიყიდებიან
ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ იანვარში კლუბი არც მათეის დე ლიხტს გაყიდის და არც ფრენკი დე იონგს.
19 წლის მცველ დე ლიხტს „ევროპელ ოქროს ბიჭუნად“ მოიხსენიებენ და მასზე ისეთი კლუბები ნადირობენ, როგორებიც არიან „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“, დე იონგი კი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.
თუმცა, „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კლუბი, რომ ამ ფეხბურთელებს იანვარში შეელიოს, ვან დერ სარმა კატეგორიულად უპასუხა:
„არა, არა და არა. ჩვენ არ ვაპირებთ შუა სეზონში ფეხბურთელების გაყიდვას. არავითარ შემთხვევაში. ფინანსური სირთულეები რომ გვქონდეს, ამ საკითხს განვიხილავდით. ისე კი, არა“.