ვალტერ მაძარი - „ნაპოლი“ თითქმის სრულყოფილია, კვარაცხელიას მითითებები მივეცი #1TVSPORT
„ატალანტასთან“ 2:1 მოგების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ აღიარა, რომ „ნაპოლიში“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ უკეთეს დაბრუნებაზე ვერც იოცნებებდა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„ბერგამოში „ატალანტასთან“ მოგება იოლი არ იყო. პირველ ტაიმი თითქმის სრულყოფილად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში უკეთესი თამაშის იმედი მქონდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ინტენსივობა დავკარგეთ და „ატალანტამ“, ბუნებრივია, შანსით ისარგებლა.
„ნაპოლი“ გასულ სეზონში დომინირებდა და უმაღლესი დონის ფეხბურთს საუკეთესო ფეხბურთელებით თამაშობდა, რომლებიც მეორეხარისხოვან პოზიციებზე ყოფნას მიჩვეულები არ არიან. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება გარკვეული ჩავარდნა. გარდა ამისა, კონკურენტები სხვაგვარი მონდომებით გვეთამაშებიან – ასეთ პირობებში ეს რთული სეზონი იქნება.
მარცხენა ფლანგიდან მოედნის სიღრმეში შესვლით კვარაცხელია, შესაძლოა, პროგნოზირებადი გამხდარიყო. მას რამდენიმე რჩევა მივეცი – ვუთხარი, რომ თუ ასე გააგრძელებდა, მეტოქისთვის იოლად გასანეიტრალებელი გახდებოდა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წუთი გვქონდა ამის განსახილველად, თუ როგორ უნდა ეთამაშა. იმედია, მომავალში სხვა ვარიანტებზე სასაუბროდ მეტი დრო გვექნება“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.