ვალერიან გვილიამ „რაკოვი“ დატოვა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT
ვალერიან გვილია „რაკოვში“ აღარ ითამაშებს, – ინფორმაციას პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვალერიან გვილია ჩესტოხოვას „რაკოვს“ ტოვებს. 28 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. ვაკო, მადლობა და წარმატებები მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ქართველი პოლონურ კლუბში 2021 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში მან „რაკოვის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და პოლონეთის თასზე ერთი გოლი გაიტანა.
2022/2023 წლების სეზონში გვილიას ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, რის გამოც ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი და, საბოლოოდ, გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.