ვალერი გაგუა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის შესახებ - ახალი ფორმატი ძალიან კარგი შანსია, სამი ეტაპის გავლის შემდეგ ევროგრანდებს შევხვდეთ #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისს“ ვალერი გაგუა უხელმძღვანელებს, რომელმაც ტურნირის ახალი ფორმატისა და მომავალი მეტოქეების შესახებ ისაუბრა.
„უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის წილისყრამ მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ შეგვახვედრა. ამ გუნდის რამდენიმე თამაში ვნახეთ და ძლიერი მეტოქე ჩანს, მოთამაშეები კი ფიზიკურად ძლიერები არიან. შეხვედრამდე კიდევ დავაკვირდებით, მოწინააღმდეგე კარგად რომ შევისწავლოთ და რაიმე მნიშვნელოვანი და ახალი დეტალი არ გამოგვეპაროს.
ახალგაზრდულ ლიგაზე ყველა თავისი ქვეყნის ჩემპიონია და სუსტი მეტოქე არაა, ყველას შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს. ახალი ფორმატით ძალიან კარგი შანსია, სამი ეტაპის გავლის შემთხვევაში მივიდეთ 1/8-ფინალამდე, სადაც უკვე მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“ და სხვა ევროპული გრანდები გამოდიან.
„ბუდუჩნოსტის“ დამარცხების შემთხვევაში „️ტრაბზონსპორს“ შევხვდებით, მერე კი ფეთაჰ თიკვას „მაქაბისა“ და „პანდევის აკადემია“-„სარაევოს“ წყვილის გამარჯვებულს. ამ სამი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში იმ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობენ“, – ამბობს ვალერი გაგუა.
„დინამოს“ აკადემიის გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალამდე სამეტაპიანი გზა უნდა გაიაროს. მონტენეგროს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონ „ბუდუჩნოსტს“ „დინამო თბილისი“ 18 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 2 ოქტომბერს პოდგორიცაში გაიმართება.