„ვალენსიას“ ყოფილი კაპიტანი მამარდაშვილზე - კარში ისე დამაჯერებლად იდგა, თითქოს ლა ლიგაში თამაშის დიდი სტაჟი ჰქონდა #1TVSPORT
„ვალენსიას“ ყოფილმა მეკარემ და კაპიტნმა ხოსე მანუელ სემპერიმ (1979-1995 წლებში თამაშობდა) „რადიო პლაზას“ ეთერში განაცხადა, რომ იესპერ სილესენის მომჯობინების მიუხედავად, გუნდი გიორგი მამარდაშვილს უნდა ენდოს და შემდეგ ტურშიც ათამაშოს.
„მამარდაშვილი გახდა ლა ლიგის პირველი ტურის სენსაცია. რითი გამაკვირვა? ის არის მეკარე, რომელსაც აქვს ბევრი კარგი თვისება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მასზე ფსონის დადება შეიძლება. „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ის კარგი იყო, ძალიან წარმატებული და მშვიდი. დავინახე მეკარე, რომელიც ისე ჩანდა, თითქოს ლა ლიგაში დიდი ხანი თამაშობდა. თუმცა ის ჯერ 20 წლისაა. როგორც ჩანს, მან მშვენივრად იცოდა ესპანეთის ლიგა და დაცვა მართლაც დაამშვიდა. გასაჭირში მეკარეს შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ეს დიდი სიურპრიზი იყო“, – განაცხადა „ვალენსიას“ ყოფილმა კაპიტანმა.
ხოსე მანუელ სემპერიმ მნიშვნელოვან ნიუანსზე გაამახვილა ყურადღება, რომ ქართველმა მეკარემ ესპანური არ იცის და ამის მიუხედავადა, თამაშის კარნახი შეძლო:
„თუ თქვენ იცით მთავარი სიტყვები, განსაკუთრებული პრობლემები არ შეგექმნებათ. ამ დროს მას სჭირდება კარგი კავშირის დამყარება ცენტრალურ მცველებთან. გუნდი მყარია, თუ ეს სამი მოთამაშე საიმედოა. მისი მოგერიებული ბურთებიდან ყველაზე რთული დაბალი დარტყმა იყო, რადგან ამ სიმაღლის მეკარისთვის ასეთი რეაქციის გამოვლენა რთულია. მაღალ ბურთების მოგერიება უფრო ადვილია მისი სიმაღლის გამო, თუმცა უნდა იყოს სწრაფი და მამარდაშვილი ასეთი აღმოჩნდა. მან ამ რეაქციებით „პატერნას“ და „კარტახენას“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებშიც გამაოგნა. ყველა გაკვირვებულია, რომ ის ხტება ისეთი სისწრაფითა და რეაქციით, რაც მხოლოდ დაბალი მეკარეებისთვისაა დამახასიათებელი“.
ხოსე მანუელ სემპერის თქმით, სილესენის გამოჯანმრთელების მიუხედავად, კარში ქართველის დაყენება აჯობებს:
„ის ახალგაზრდაა და გაზრდა შეუძლია. თუ მწვრთნელი ნდობას აგრძნობინებენ, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს. კონკურენცია კარგია. მაგრამ თუ მამარდაშვილი ამ დონეს შეინარჩუნებს, ვფიქრობ, კარში ისევ ის უნდა დადგეს. თუ რამე კარგად მუშაობს, უმჯობესია არ შეცვალოთ და არ შეეხოთ. ეს ფეხბურთია. უნდა ენდონ, რადგან ის ამას იმსახურებს“.