„ვალენსიას“ უიღბლო მატჩი - „ბეტისმა“ მამარდაშვილს სამჯერ გაუტანა #1TVSPORT
„ვალენსიას“ უიღბლო მატჩი - „ბეტისმა“ მამარდაშვილს სამჯერ გაუტანა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვდრა ჩაატარა – ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსიამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა, ვისთანაც თასის ფინალში დამარცხდა, მაგრამ ხოსე ბორდალასის გუნდმა რევანშის აღება ვერ მოახერხა.

„ბეტისი“ მოედანზე უფრო მოტივირებვული გავიდა – „ვალენსიას“ ევროსაგზურის მოპოვების შანსიც დაკარგული აქვს და ლიგიდან გავარდნის საფრთხეც არ ემუქრება. „ბეტისს“ კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსი ჰქონდა და გუნდი „მესტალიას“ მოსაგებად ესტუმრა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია. რეალურად, მხოლოდ ორ ეპიზოდში მოუხდა შეტევების მოგერიება და ორივე ამ შემთხვევაში სერხიო კანალესი უტევდა. 30-ე წუთზე მან საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ გიორგი კარიდან დროულად გავიდა და ვითარება განმუხტა. 34-ე წუთზე სერხიო კანალესმა უკვე საჯარიმოს სიახლოვიდან ჯარიმა შეასრულა და ბურთი მარცხენა ძელისკენ გაუშვა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია.

57-ე წუთზე „ბეტისმა“კანალესის მონაწილეობით მიზანს მაინც მიაღწია – მისი გადაცემით ვილიან ხოსემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 0:1. გავიდა ოთხი წუთი და „ბეტისის“ უპირატესობის გაზრდას ნაბილ ფეკირი შეეცადა – ამ ეპიზოდში მამარდაშვილმა საიმედოდ ითამაშა. მაგრამ 88-ე წუთზე „ბეტისმა“ მასპინძელთა კარი მეორედ სერხიო კანალესმა აიღო, ორ წუთში კი მამარდაშვილის კარი მესამედ ბორხა იგლესიასმა შეარხია.

საბოლოოდ, „ბეტისმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 0:3 მოიგო, 61 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეოთხე ადგილზე მყოფ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (64) ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, მადრიდელებს ტურის მატჩი არ უთამაშიათ. „ვალენსია“ კი 36 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-10 ადგილზეა.