„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მაგრამ თასზე ვის დავაყენებ, ჯერ ვერ ვიტყვი #1TVSPORT
„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მაგრამ თასზე ვის დავაყენებ, ჯერ ვერ ვიტყვი #1TVSPORT

ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალ სოსიედადთან“ საშინაო შეხვედრის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სხვა თემებთან ერთად, კომენტარი გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებაზეც გააკეთა.

კითხვაზე, ვინ ითამაშებს ხუთშაბათს ესპანეთის თასზე, „ვალენსიას“ მწვრთნელმა დაკონკრეტება არ ისურვა და პასუხს თავი აარიდა.

„დარწმუნებით ვერ ვიტყვი. მეკარეების მუშაობით კმაყოფილი ვარ. გიორგი დღეს მართლაც კარგი იყო. მან საქმეს თავი მშვენივრად გაართვა. ხუთშაბათამდე გადავწყვეტთ, ვინ იქნება „ატლეტიკთან“ ჩვენი პირველი მეკარე“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში (კოპა დელ რეი) „ვალენსია“ 11 თებერვალს „ატლეტიკს“ ბილბაოში ესტუმრება, ხოლო 3 მარტს „მესტალიაზე“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარემ სექტემბრის შემდეგ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და კარი „მშრალად“ შეინახა. ესპანური მედია აღნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილი კარში საიმედოდ და დამაჯერებლად იდგა.

„ვალენსიას“ მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება ყველასათვის მოულოდნელი იყო. ხოსე ბორდალასმა ქართველი მეკარე ბოლოს „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში სექტემბერში „სევილიასთან“ დააყენა და მას შემდეგ ქართველი მეკარე თავის შანსს ოთხი თვე ელოდა.