„ვალენსიამ“ საკუთარი სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარს ძეგლი დაუდგა
ესპანეთის თასის მფლობელმა „ვალენსიამ“ თავისი საშინაო, „მესტალიას“ სტადიონის ტრიბუნაზე ძეგლი დაუდგა გარდაცვლილ გულშემატკივარ ვისენტე აპარისიოს.
აპარისიო „ვალენსიას“ საშინაო მატჩებზე სეზონური აბონემენტის მფლობელი იყო. იგი საყვარელი გუნდის თამაშებზე მას შემდეგაც დადიოდა, რაც 40 წლის წინ, 54 წლის ასაკში მთლიანად დაბრმავდა. მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ვისენტე საკუთარ ვაჟთან ერთად დადიოდა მატჩებზე და ის ეუბნებოდა მამას იმის შესახებ, რაც მოედანზე ხდებოდა.
აპარისიოს გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, „ვალენსიამ“ თავისი ყველაზე ცნობილი გულშემატკივრის უკვდავყოფა გადაწყვიტა. ახლა, ცენტრალური ტრიბუნის მე-15 რიგის 164-ე ადგილზე, ყოველთვის „იჯდება“ აპარისიოს ქანდაკება.