„ვალენსიამ“ ქულა გადაარჩინა - მამარდაშვილის გუნდი სახიფათო ზონიდან გამოვიდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და დიდ ბრძოლაში ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების მეკარე ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. „მესტალიაზე“ გამართული მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო, ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. ალვარო გარსიას ფლანგური გადაცემის შემდეგ „ღამურების“ დაცვა ჩავარდა და მამარდაშვილთან პირისპირ სანტი კომესანა აღმოჩნდა – ქართველმა მეკარემ ბურთზე რეაგირება მაინც მოახერხა, მაგრამ გუნდის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
„ვალენსიას“ სწრაფადვე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჯასტინ კლუივერტმა ბურთი ძელს მოარტყა, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში კი ქართველის გუნდმა „რაიო ვალეკანო“ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და იმხელა უპირატესობას ფლობდა, მამარდაშვილი პერიოდულად მოედნის ცენტრამდე ადიოდა.
„ვალენსიამ“ 82-ე წუთზე მიზანს მიაღწია. ვიდეორეფერიმ სტუმართა მცველის წაქცევისთვის წესის დარღვევა დააფიქსირა და „რაიო ვალეკანოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯასტინ კლუივერტმა ეფექტურად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.
„რაიო ვალეკანომ“ მხოლოდ ამის შემდეგ შეუტია და 88-ე წუთზე მამარდაშვილს სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა. სალვი სანჩესმა საჯარიმოს კუთხიდან სახიფათოდ გაისროლა, მაგრამ ქართველმა მეკარემ საიმედოდ ითამაშა და გუნდი გადაარჩინა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ვალენსიამ“ 27-ე ტურის შემდეგ ლა ლიგაში 27 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ „მესტალიელებმა“ სახიფათო ზონაში მყოფ კონკურენტებს, „ესპანიოლსა“ (27 ქულა) და „ალმერიას“ (27 ქულა) მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო გაუსწრეს.