„ვალენსიამ“ მოიგო და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა - მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე იოლი მატჩი ჩაატარა „ვალენსიაში“, რომელმაც „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.
ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა. მასპინძელი „ვალენსია“ პირველივე წუთებიდან აქტიურად თამაშობდა, რადგან აუტსაიდერთა ზონაში მყოფ გუნდს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.
ეს გიორგი მამარდაშვილისთვის ესპანეთში ჩატარებული თამაშებიდან ერთ-ერთი ყველაზე იოლი გამოდგა, რადგან ბევრი საქმე არ ჰქონია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ვალენსიამ“ მეორე ტაიმში მეტოქეზე წნეხი გაზარდა, მაგრამ მიზანს მხოლოდ 74-ე წუთზე მიაღწია – მასპინძელთა შეტევა ჯასტინ კლუივერტმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
90-ე წუთზე მასპინძლებმა ტიერი კორეას წაქცევისთვის პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც უგო დურომ ცუდად შეასრულა – ცენტრში დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
„ვალენსიამ“ თამაში მაინც მოიგო და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. შედეგად, 26 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას დაშორდა და მე-16 ადგილზე დაწინაურდა.