„ვალენსიამ“ 31 აგვისტომდე უნდა გადაწყვიტოს, გამოისყიდის თუ არა მამარდაშვილის ტრანსფერს - ახლა ის მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება #1TVSPORT
„ვალენსიამ“ 31 აგვისტომდე უნდა გადაწყვიტოს, გამოისყიდის თუ არა მამარდაშვილის ტრანსფერს - ახლა ის მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „სუპერდეპორტემ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია გიორგი მამარდაშვილის ტრანსფრერზე. პუბლიკაციაში წერია, რომ „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვაზე დათქმულ ვადაზე ადრე ფიქრობს, რადგან ეს კლუბს უფრო იაფი დაუჯდება.

„ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ხეტაფესთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, „ვალენსია“ ქართული მეკარის კონტრაქტის წლის ბოლომდე შესყიდვას განიხილავს, რადგან ეს უფრო იაფი დაუჯდება. მიზეზი ის არის, რომ „ვალენსია“ თუ „დინამო თბილისს“ თანხას 2021 წლის ბოლომდე გადაუხდის, უფრო ნაკლებს გადაიხდის იმასთან შედარებით, რაც ტრანსფერის 2022 წლის 30 ივნისში გამოსყიდვითაა გათვალისწინებული“, – იუწყება „სუპერდეპორტე“.

ესპანური გამოცემა ტრანსფერის გამოსყიდვის დეტალებს შეეხო:

„მამარდაშვილის შესყიდვა დაახლოებით მილიონი ევრო დაჯდება. ეს ციფრი ოდნავ შემცირდება, თუ „ვალენსიას“ საკუთრებაში წლის ბოლომდე გადავა – ასეა მითითებული საიჯარო კონტრაქტში, რომელიც შეთანხმებულია „ვალენსიასა“ და „დინამო თბილისს“ შორის მაისში, როდესაც გიორგი სარეზერვო გუნდის მეკარედ მოიაზრებოდა“.

ამ თემას გამოცემა plazadeportiva-ც შეეხო:

„აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარე (29 სექტემბერს 21 წლის ხდება) ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც „ვალენსიაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა. მანამდე ყველაზე ახალგაზრდა იყო ხოსე რამონ ბერმელი, რომელმაც 1982 წლის 11 აპრილს ითამაშა. „ვალენსიამ“ 31 აგვისტომდე უნდა გადაწყვიტოს, გამოისყიდის თუ არა ქართველ მეკარის ტრანსფერს, რომელიც მხოლოდ ერთ მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად დაუჯდება“.