„ვალენსია“ „სოსიედადთან“ დამარცხდა და ევროტურნირზე თამაშის შანსი დაკარგა #1TVSPORT
„ვალენსია“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ზონაში მყოფ „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედარში ანგარიში სწრაფად გაიხსნა. ბასკების ფლანგური შეტევისას სტუმართა დაცვა ჩავარდა, ტაკეფუსა კუბომ კარის წინ ანდრე სილვა მოძებნა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა და „სოსიედადი“ დააწინაურა.
29-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს, მაგრამ კირან ტიერნის დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია. 36-ე წუთზე გიორგიმ თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ამჯერად საქართველოს ნაკრების მეკარემ ბენატ ტურიენტესს აჯობა.
შესვენების შემდეგ „ვალენსიამ“ დიდი ძალებით შეუტია და თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ „სოსიედადის“ დაცვა საიმედოდ თამაშობდა. მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა 90+3-ე წუთზე შერალდო ბეკერის დარტყმის შემდეგ „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა.
36 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 48 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ზონას რვა ქულით ჩამორჩა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.