„ვალენსია“ ესპანეთის თასის მერვედფინალშია - ბარახამ გიორგი მამარდაშვილი დაასვენა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის თასზე ლა ლიგა 2-ის აუტსაიდერს, „კარტახენას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
1/16-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც სეზონს, ფაქტობრივად, შეუსვენებლად ატარებს, ვალენსიელებმა იოლი თამაშის იმედად დაასვენეს, მაგრამ „კარტახენამ“ სტუმრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
მასპინძლები მეოთხე წუთზე ალფრედო ორტუნომ დააწინაურა და „კარტახენამ“ ტაიმი 1:0 მოიგო. შესვენებამდე „კარტახენის“ მცველმა, ივან კალერომ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. „ვალენსიამ“ მეორე ტაიმში რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა – წონასწორობა 73-ე წუთზე სერხი კანოსმა აღადგინა.
გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე „ვალენსიის“ კაპიტანმა, ხოსე გაიამ გამარჯვების ბურთი გაიტანა და „ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გაიყვანა.