ვაკო გვილიამ ლიდერს გაუტანა - სეზონში პირველი გოლით გახარებული ვარ [ვიდეო]
ვაკო გვილიამ შვეიცარიის სუპერლიგის მე-4 ტურში გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი „ლუცერნი“ საკუთარ მოედანზე მაინც დამარცხდა.
„ლუცერნმა“ გათამაშების ლიდერს, „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და 2:3 წააგო. ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. მაგრამ 89–ე წუთზე თავისი შანსით მაინც ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:3.
„გახარებული ვარ მიმდინარე სეზონში პირველი გატანილი გოლით. თუმცა სამწუხაროა, რომ მატჩის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ”, – ამ პოსტით გამოეხმაურა ვაკო გვილია სეზონში გატანილ პირველ გოლს.
„ლუცერნი“ ოთხი ტურის შემდეგ სამი ქულით შვეიცარიის სუპერლიგაში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.